English / ქართული / русский /
ნინო ჭანტურია
COVID-19-ის გამოწვევები და მისი მნიშვნელობა ციფრული ინდუსტრიის განვითარებაში

ანოტაცია. ორი წელი გავიდა მას შემდეგ რაც, COVID-19-ის გავრცელებამ მსოფლიოში ახალი რეალობა წარმოშვა. პანდემიამ მსოფლიოში უამრავი პრობლემა წარმოშვა. მრავალი ადამიანი უმუშევარი დარჩა, საჭირო გახდა სოციალური დისტანცია, ბევრი ბიზნესი გაკოტრდა; კომპანიებს, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდათ,  დისტანციურ სამუშაოზე გადავიდნენ, შეიზღუდა მოგზაურობა და, რაც ყველაზე მთავარია, შეიცვალა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება. ცვლილებების  პარალელურად ბიზნესი, რომელიც  ბაზარზე დარჩა, იძულებული გახდა მორგებოდა არსებულ გარემოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც დახურვა ემუქრებოდა.  ყოველივე ამან,  განაპირობა ცვლილებები ციფრულ მარკეტინგში. სტატიაში საუბარი იქნება, თუ რა გავლენა მოახდინა  და როგორ შეცვალა COVID-19-მა ციფრული მარკეტინგი.

საკვანძო სიტყვები:  ციფრული მარკეტინგი, COVID-19, პანდემია. 

COVID-19 ის ერთ-ერთ გვერდით ეფექტად შეგვიძლია დავასახელოთ ის ფაქტი, რომ ციფრული სამყარო უფრო კონცენტრირებული გახდა, ვიდრე ეს მანამდე იყო. უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი იყენებს ინტერნეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები უფრო მეტად არიან დამოკიდებული მარკეტინგზე, მაგრამ ამასთანავე მათ ისწავლეს, თუ როგორ გაფილტრონ მათთვის არასასურველი მარკეტინგული კამპანიები. სწორედ ამიტომ მარკეტოლოგებს დასჭირდათ ეპოვათ გზა, რომ სამიზნე აუდიტორიას დაკავშირებოდნენ პერსონალიზებული ინსტრუმენტებით.

კვლევების თანახმად, მომხმარებელთა 84%-ს სურს, რომ საძიებო სისტემებმა სრულყოფილად დაადგიონ მათი საჭიროებები და ძიების შედეგები შემცირდეს არაუმეტეს 10 ერთეულამდე. გარდა ამისა, მომხმარებელთა 70%-ისთვის მოსახერხებელია ციფრული ასისტენტების გამოყენება, რათა ონალიან  შესყიდვები გამარტივდეს და დაკმაყოფილდეს მათი საჭიროებები. 

ნათელია რომ COVID-19-ის ერთ-ერთი მთავარი მარკეტინგული გავლენა არის ის ფაქტორი, რომ ციფრულ სამყაროში არსებული უამრავი ინფორმაციით მომხმარებელი იტვირთება და ხშირად უგულებელყოფს იმ შეტყობინებებს, რომლებიც მიმართულია დიდ სამიზნე აუდიტორიაზე და არა უშუალოდ მათზე. ასე რომ, მარკეტერებისთვის მთავარია მოახდინონ  მომხმარებლის  სწორი  და  მჭიდრო  სეგმენტაცია  (paperturn, 2021).

შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ Covid-19-მა დიდი სარგებელი მოუტანა ელექტორნულ კომერციას, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ 2020 წელს ონლაინ  გაყიდვები 32.4%-ით გაიზარდა და ასევე განაგრძო ზრდა 2021 წლის პირველ კვარტალში. Covid-19-მა ბევრი რამ გვასწავლა, ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით, სხვებთან კონტაქტების შემცირებაა. სწორედ ამიტომ ადამიანები ონლაინ ნივთების შეძენისას უფრო დაცულად გრძნობენ თავს, სწორედ ეს არის ერთ-ერთი პირობა ონლაინ გაყდვების გაზრდისა.(paperturn, 2021)

მარკეტინგმა COVID-19-ის დროს გვასწავლა, რომ ჩვენ თავზე არ ავიღოთ დიდი რისკები  მსგავს გაურკვეველ სოციალური და ეკონომიკური ვითარების დროს. სწორედ ამიტომ  მნიშვნელოვანია, რომ მივყვეთ და ვიმოქმედოთ იმ მიმართულებით, რომელიც ჩვენი ბიზნესისთვის უკვე ნაცადი და გამართლებულია. მაგალითად, თუ კომპანიის მთავარი კომპეტენცია ფასიანი მედიაა, მაშინ ის უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ და მივიღოთ მისგან მაქსიმუმი  (paperturn, 2021).

მსოფლიო ჯერ კიდევ ებრძვის COVID-19-ის პირველადი ეფექტების შედეგებს და ჩვენთვის ჯერ კიდევ ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება უახლოეს მომავალში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი ცდილობდეს რაც შეიძლება მეტი ნაღდი ფულის გამომუშავებას იმით, რაც საუკეთესოდ მუშაობს მათთვის. რა თქმა უნდა, არავითარი ზიანი არ მოაქვს  ახლის ძიებას, როდესაც საქმე ეხება თქვენს მარკეტინგულ ძალისხმევას, მაგრამ არ უნდა უგულებელვყოთ ის წყარო, რომელსაც მოაქვს მეტი  ROI  თქვენი  ბიზნესისთვის.

არ შეგვიძლია უარვყოთ ის ფაქტი, რომ სოციალური მედია ხანგრძლივი ვადით დარჩება ჩვენს ცხოვრებაში. COVID-19-ის ერთ-ერთი მთავარი გავლენა არის ის, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანებს  მოეთხოვებოდათ  სახლში ყოფნა  და სხვებთან კონტაქტის შეზღუდვა. ადამიანები იყენებდნენ ციფრულ ინსტუმენტებს და პლატფორმებს მეგობრებთან, კოლეგებთან საკონტაქოდ. სოციალური მედიის გამოყენება ახალ დონეზე გადავიდა და ცნობილი გახდა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

პანდემიის გამო სოციალური მედიის პლატფორმებზე ახლა 4 მილიარდზე მეტი მომხმარებელია  –  ეს არის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი! გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა  რომ,  ადამიანები თავიანთი „სიფხიზლის“ 15%-ს ატარებენ სოციალურ მედიაში.

პანდემიის დაწყების დროს ბევრმა მცირე ბიზნესმა შექმნა ანგარიში სოციალურ ქსელებში, რათა არ გაეწყვიტა ურთიერთობა  თავის მომხმარებელთან.  ბიზნესმა ისარგებლა  მარკეტინგული სტრატეგიით, რამაც მას დადებითი შედეგი მოუტანა. გარდა ამისა ინსტაგრამმა  მცირე ბიზნესის მფლობელებს ერთმანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდა  და  მხარდაჭერის სტიკერიც კი შექმნა, რისი წყალობით უფრო მეტი მცირე ბიზნესი გახდა ხილვადი მომხმარებლისთვის  (paperturn, 2021). 

რა გავლენა იქონია „ლოქდაუნმა“ სარეკლამო დანახარჯებზე?

eMarketer-ის მიერ 2019 წლის თებერვალში ჩატარებული კვლევის თანახმად, პირველად გადააჭარბა ონლაინ რეკლამის ხარჯებმა ოფლაინ რეკლამის ხარჯებს და შეადგინა გლობალური რეკლამის დანახარჯის ნახევარი. ამავე კვლევის პროგნოზით, 2023 წლისთვის ციფრული რეკლამის დანახარჯები შეადგენს მთლიანი გლობალური მედიის დანახარჯის ორ მესამედს. იმის გათვალისწინებით,  რომ 21-ე საუკუნის მიჯნაზე გლობალური ხარჯების მხოლოდ 3% იყო ციფრული, ნათელია, რომ ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით ჩქარდება.  ამის  ერთ-ერთი  მიზეზი კი  Covid-19-ია  (innovationvisual, 2020).

საქსტატის მონაცემების მიხედვით მაშინ, როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებდა, საწარმოებმა დაიწყეს სოციალური მედიის უფრო ხშირად გამოყენება წინა წელთან შედარებით. ალბათობა იმისა, რომ უფრო და უფრო მეტი კომპანია და საცალო მოვაჭრე გადაინაცვლებს ონლაინ სივრცეში, ძალიან მაღალია  (სამსახური, Geostat.ge, თ. გ.).                 

Covid-19-ის გავლენა მომხმარებელთა გრძელვადიან ქცევაზე

Covid-19-მა შეცვალა მომხმარებელთა დამოკიდებულება, ქცევა და  ჩვევები შესყიდვის დროს. სავარაუდოდ,  ეს ცვლილებები დარჩება პანდემიის დასრულების  შემდეგაც. შესაბამისად მომხმარებელთა საჭიროებების ცვლილება გამოიწვევს ინდუსტრიების გარდაქმნას და ისინი შეუქმნიან ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს ბიზნესს. ამრიგად, ამ ცვალებადი ქცევის გაგება და შესწავლა აუცილებელია ბიზნესისთვის, როდესაც შეიმუშავებენ თავიანთ ბიზნეს სტრატეგიებს, რათა გაუმკლავდნენ მომხმარებელთა ახალ და განვითარებად ტენდენციებს. ბიზნესმა უნდა გააცნობიეროს, როგორ რეაგირებს მათი მომხმარებელი პანდემიაზე და შეიმუშავოს მორგებული მარკეტინგული სტრატეგიები, რათა შეასრულოს მომხმარებელთა თითოეული ჯგუფის სურვილი. GlobalData-ს თანახმად Covid-19-ის პანდემიის შემდეგ წარმოქმნილი უახლესი ტენდენცია მოიცავს დრამატულ ცვლას ელექტრონული კომერციისკენ (Kamel, Volume 4 Issue 1 April (2021)).

Covid-19-მა დააჩქარა ტექნოლოგიების გამოყენება მომხმარებელთა ცხოვრების ყველა ასპექტში. ამრიგად, ბიზნესმა უნდა გადაინაცვლო ონლაინ, რათა დაუკავშირდნენ თავიანთ მომხმარებელებს. იმის გამო, რომ ბრენდის ლოიალურობა დროდადრო უფრო პრიორიტეტული ხდება, მომხმარებლები ნაკლებად ყიდულობენ პროდუქციას ნაკლებად ცნობადი ბრენდებისგან. მომხმარებელი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავის მოვლას, ფსიქიკურ მდგომარეობას და ფიზიკურ კეთილდღეობას.

ამჯერადაც ეყოლება მსოფლიოს გამარჯვებული და დამარცხებული ქვეყნები, ამასთანავე ცალკეული ინდუსტრიების კუთხითაც შესაძლებელია გამოიყოს ბიზნესები, რომლებმაც ფეხი აუწყვეს ტენდენციებს და თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს პანდემია. პანდემიის პერიოდში ყველაზე წარმატებულად საქართველოში საკვები პროქდუქტების ბიზნესი მუშაობდა, ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მომხმარებლებს მათთვის სასურველი პროდუქტის შეძენა მხოლოდ ონლაინ შეეძლოთ. საქსტატის მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის პროცენტული წილი, ვინც  საქონელს ან მომსახურებას ონლაინ იძენდა, 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ასევე, თუ დავაკვირდებით ცხრილში მოცემულ მონაცემებს, ვნახავთ, რომ პანდემიის პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა 60 წლის და უფრო მეტი ასაკის მომხმარებელთა რიცხვი. ქალაქთან შედარებით სოფელში ონლაინ შესყიდვების რიცხვა იკლო, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებით (სამსახური, Geostat.ge, თ. გ.).

პანდემიის შემდგომ პერიოდშიც კი სხვა ინდუსტრიების წარმომადგენლები ჯერ კიდევ კრიზისს განიცდიან, რადგან მომხმარებლები, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ ცდილობენ ნაკლებად დახარჯონ თანხები.  GlobalData-ს საბაზრო დაზვერვა ცხადყოფს, რომ მომხმარებლები ფულს უფრო მეტად ანიჭებენ საციცოცხლო მნიშვნელობას და ცდილობენ ნაკლებად დახარჯონ ფუფუნების საგნებში. Covid-19-ის სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შესამცირებლად  მთელ მსოფლიოში მთავრობებმა ეკონომიკური დახმარება გაუწიეს შინამეურნეობებს და ბიზნესს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკონომიკური სტიმული დაეხმარა  მათ Covid-19-ის გამო შექმნილი  ფინანსური სირთულეების დაძლევაში, ამ მხარდაჭერის უმეტესობა იწურებოდა რამდენიმე კვირაში ან თვეში. ამრიგად, ისევე როგორც ეკონომიკის სხვა სექტორებში, სამომხმარებლო სექტორის მომავალი საქმიანობა დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღდგება ეკონომიკა. იმის გამო, რომ მომხმარებლები  ჯერ კიდევ ფრთხილად ხარჯავენ თანხებს, ბიზნესებმა  თავიანთი შეთავაზებები უნდა მოარგონ მათ სურვილებს და მოთხოვნილებებს. 

ტენდენციები, რომლებიც  ამოძრავებენ  ბიზნესს  პოსტ-COVID-19 მსოფლიოში

დე-გლობალიზაცია – Covid-19-მა დაგვანახა გლობალიზაციის უარყოფითი მხარეები, რის შედეგადაც წამყვანმა კომპანიებმა გადახედეს, თუ როგორ მართავენ თავიანთ ბიზნესს, მიწოდების ჯაჭვს,  განსაკუთრებით კი შესყიდვებს. ეს ყოველივე, დიდი ალბათობით, გამოიწვევს დიდ ცვლილებებს წარმოებაში.

დიჯიტალიზაცია და ავტომატიზაცია  – კრიზისის გამო კომპანიები შეეცდებიან შეამცირონ ხარჯები უფრო მეტი ეფექტურობით, ხოლო მეტი კონტროლი მოიპოვონ, მაგალითად, ინვესტიციების გზით პროცესების ავტომატიზაციაში, ელექტრონულ კომერციაში, ინოვაციურ სფეროში,  პროგრამულ  უზრუნველყოფასა  და  IT  სფეროში.

მოქნილობა – კომპანიები უფრო მეტ ძალისხმევას დახარჯავენ, რომ გახდნენ უფრო მოქნილები, რათა მარტივად მოერგონ გარე ფაქტორების ცვლილებას.

ბაზრის კონსოლიდაცია  –  ბაზრის ძლიერი მოთამაშეები შეიძენენ სუსტ მოთამაშეებს ან ისინი გაკოტრდებიან და გაქრებიან ბაზრიდან.

ფასების ცვალებადობა – რადგან მიწოდება და მოთხოვნა ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად იცვლება, ბევრი კომპანიის ღირებულება და მომგებიანობის სტრუქტურა, ისევე როგორც კლიენტების მზადყოფნა  გადახდაზე, განსხვავებულია, რაც იწვევს ფასების უფრო ხშირ ზრდას და შემცირებას.

ფოკუსირება ძირითად კომპეტენციებზე – კონკურენცია ზოგიერთ ინდუსტრიაში შეიძლება გაიზარდოს იმით, რომ კომპანიებს ფინანსური ზარალი აწუხებთ, მცირდება გარკვეული ოპერაციები და კონცენტრირდება მაღალი მარჟის მქონე ბიზნესებზე, რათა ისინი გახდეს მათი ძირითადი კომპეტენცია.

ამ ტენდენციებისა და ფაქტორების გავლენა განსხვავდება ბიზნესის ტიპისა და ინდუსტრიის მიხედვით. კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ,  რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კრიზისი, მით მეტი იქნება ამ ფაქტორების გავლენა, სრული ეფექტი კი  მხოლოდ საშუალო ან გრძელვადიან პერიოდში ჩანს (Kamel, Volume 4 Issue 1 April (2021)). 

დასკვნა

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ COVID-19-მა გავლენა იქონია და უდიდესი როლი ითამაშა ციფრული მარკეტინგის განვითარებაზე, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი კომპანია აიძულა პანდემიამ, მიემართა ციფრული მარკეტინგისთვის. ფაქტობრივად პანდემიამ ერთ დიდ ყიდვა-გაყიდვის სივრცეში გააერთიანა და ჩაითრია როგორც მომხმარებელი, ასევე ბიზნესიც. ძალიან ბევრი კომპანია გადაარჩინა ციფრულმა მარკეტინგმა და ახლებურმა სტრატეგიებმა  გაკოტრებისგან, სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ბიზნესსამყაროსთვის პანდემიის დროს, რამდენად სწრაფად და სწორად მოახდენდნენ გარემო ფაქტორებთან ადაპტირებას, რაც შემდგომში მათ წარმატებაზე აისახებოდა. რასაკვირველია, ერთ დღესაც კომპანიები, საცალო მოვაჭრეები დაინახავდნენ, რომ ციფრული სამყაროს გარეშე მათი წარმატება შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა,  დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ COVID-19-მა გაციფრულების პროცესი დააჩქარა, რაც  პანდემიის  ერთ-ერთი დადებითი მხარეა. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. სამსახური, ს. ს. (n.d.). Geostat.ge. Retrieved from 4. https://www.geostat.ge/ka /modules/categories/ 106/sainformatsio- da-sakomunikatsio-teknologiebis-gamoqeneba-shinameurneobebshi 

2. სამსახური, ს. ს. (n.d.). Geostat.ge. Retrieved from 5. https://www.geostat.ge/ka/ modules/categories/ 105/sainformatsio-da- sakomunikatsio-teknologiebis-gamoqeneba-satsarmoebshi#

3. მიროი, ა. (თ. გ.). ფორსმაჟორულ სიტუაციაში მომხმარებლის ქცევის შესწავლა. მოპოვებული https://openscience.ge/ bitstream /1/2042/1/Samagistro%20Miroi.pdf?fbclid=IwAR2NcvDTFS8d2m0ITz_ N1Tev7hf6zL2CaoH2YJG3f2 wNuEt0C9NsQDjmJSk-დან 

4. Kamel, A. E. (Volume 4 Issue 1 April (2021)). THE IMPACT OF COVID-19 PANDEMIC ON MARKETING. Delta University Scientific Journal, 36-43.

5. innovationvisual. (2020 წლის September). მოპოვებული innovationvisual.com: https://www.innovationvisual.com /insights/how- covid-19-has-changed-the-digital-marketing-andadvertising-landscape-დან 

6. paperturn. (2021 წლის 14 JUL). მოპოვებული blog.paperturn.com: https://blog.paperturn.com/blog/the-impact-of-covid-19-on-digital-marketing-დან